ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის არსებული საჩივრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ნათია იოსელიანმა განაცხადა, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 20.74%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 443 963 ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
„ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 30-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები, მისული ამომრჩევლების რაოდენობა რეგიონში – 30 162-ია. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში (№7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) – 16% (21. 641 ამომრჩეველი)“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.
მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს, 2016 წელს დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი).