ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ “Standard&Poor’s”-მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა („BB-“-დან „BB“-მდე).
რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ დადებითად შეფასდა და რეიტინგის გაუმჯობესების საფუძვლად იქნა მიჩნეული:
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია – საგარეო გამოწვევების მიუხედავდ, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება;
მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას;
სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები;
მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
სარეიტინგო კომპანიამ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 4%-იდან 4.5% -მდე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და მიმდინარე რეფორმები იძლევა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და ორიენტირებულია გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე.
“S&P“-ი საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს მიიჩნევს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად, ასევე ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე.