შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. მონაკვეთს 40 წელია, არ ჩასტარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
რეაბილიტირებული გზა მდინარე არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ კორშას შესასვლელამდე.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან აკავშირებს, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 კმ. სიგრძის გზას, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
პროექტი, რომლის ღირებულება 10 191 000 ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა, .
შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება სხვა მონაკვეთებზეც. ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.
ჯამში, შატილის მიმართულებით 12 პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტების მიზანია, შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო. ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.