ახალი ოფისი 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე ნოტარიუსთა პალატის სერვისის მიღების მსურველი მოქალაქეების ინტერესებზე.
პირველ სართულზე განთავსებულია საკონსულტაციო ოთახები, სადაც ვიზიტორები შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ადგილზე ფუნქციონირება დაიწყო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა, სადაც სტაჟირების თეორიული ნაწილის გავლა თანამედროვე ტიპის სასწავლო აუდიტორიაში იქნება შესაძლებელი. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებითა და ბიბლიოთეკით, სადაც დაინტერესებული პირები იურიდიულ ლიტერატურას, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობა და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს გაეცნობიან.
თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე.
ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. რეკონსტრუქციის შედეგად სრულად შენარჩუნდა შენობის ქუჩისპირა ფასადი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია.