საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა.

გორგასლის ქუჩა №22-ში მდებარე შენობაში საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფისები განთავსდება და მასში ამ სამსახურების 1100-ზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც ამ დრომდე სამსახურებრივ მოვალეობებს ოთხ სხვადასხვა ოფისში ასრულებდნენ.

ერთ სივრცეში გადასვლით შემცირდება ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური თუ ტრანსპორტირების დანახარჯები და მნიშვნელოვნად გაიზრდება სამუშაოს ეფექტიანობა, გაუმჯობესდება კოორდინაცია და დაიზოგება სამუშაოს შესრულების დრო.

საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს შენობა პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისათვის საბავშვო ბაღი იმუშავებს. ეს ნოვაცია თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს.

ოფისის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრია. თანამედროვე და კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე მორგებულია როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს.

კომფორტული სამუშაო ოთახების გარდა შენობას აქვს სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად – ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, 180 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. შენობა ხელმისაწვდომია შშმ პირებისათვის – აღჭურვილია პანდუსით და ეტლით მოსარგებლეთა ლიფტით.

Previous articleმცხეთაში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება