ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.
„მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს. ასევე, ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ბრიტანულმა კომპანიამ, „სიბიეს სტუდიოსმა“ პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიცვლის პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარალელურად მიმდინარეობს ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება და როგორც კი მზად იქნება პროექტი, კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
„პროექტის განხორციელებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება და გარკვეული შეზღუდვები მოგვიწევს, თუმცა ისე დავგეგმავთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ ადამიანებს. გპირდებით, რომ როგორც სამუშაოები ჩატარდა და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში ძალიან ლამაზი სივრცე. დარწმუნებული ვარ, ვაკის პარკიც თბილისელების საამაყო პროექტი იქნება და ძალიან მაგარი სივრცე გამოვა რეაბილიტაციის შემდეგ. მომავალ კვირას უკვე ვიწყებთ სამუშაოებს. უნდა აღნიშნოს, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკსა და კასკადს შეუნარჩუნდება პირვანდელი სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.