აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ივე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.
ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.
ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან. ტრანზიტული მოძრაობა სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდა.
იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთებთან მოეწყობა სპეციალური უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.
ჯამში, 2020 წელს 70 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანი პროგრესია.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ. ლარია.