საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
ადგილზე უკვე მოხსნეს დამცავი ჯებირები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში იყო განთავსებული.
რეაბილიტაციის პროცესში, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი; შეიცვალა წყალგაყვანილობა; მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა; მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელ-არხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი; განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია, აღარ ფუნქციონირებდა.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა; რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს; დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები; დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, ოზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო; თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა; განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი; გამოიცვალა აუზის განათება; განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი; აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა; მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.