ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.
გარდა დასრულებული 3 საცხოვრებელი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, დამატებით, 5 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
სამუშაოები ითვალისწინებდა 3 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და გარე განათების მონტაჟს. სამივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები. გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ, დაახლოებით, 21.5 მლნ ლარი შეადგინა.