საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნესდარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.
ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს.
მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.