სამუშაოების დასრულების შემდეგ 8771 ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გამრიცხველიანების სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივებს წყალი მათ მიერვე მოწყობილი ჭაბურღილებიდან მიეწოდებათ, გვალვიან პერიოდში კი ჭებში წყალი შრება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი სისტემები, რეზერვუარები სრული კომპიუტერული მართვისა და სათვალთვალო დაცვის სისტემით, ყველა რეზერვუარის ტერიტორიაზე გაკეთდება სანიტარული დაცვის ზონა.
სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიების დაქსელვასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 848 547 ლარია.