ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.
სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000. მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა 5 ჰა-ზე ბროკოლის და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს.
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.