საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა 2 ქუჩის რეაბილიტაცია, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 9 ქუჩაზე მიმდინარეობს და კიდევ იგეგმება 36 ქუჩის რეაბილიტაცია.
ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.
პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, ჯამში, 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტაცია ჩაუტარდება ზუგდიდის ცენტრალურ – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩებს.
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად წლის ბოლომდე დასრულდება.
ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.