„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო ქართლში შპს „აგროკომპლექსის” ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა. ასევე, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა სუფრის ყურძნის ბაღი.
შპს „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა.
შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.
საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
რაც შეხება პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში გაშენებულ სუფრის ყურძნის ბაღებს, ექვსმა კომპანიამ სუფრის ყურძნის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა.
ჯამში, „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, დაფინანსდა 212 ახალი და 985 არსებული საწარმო.
აღსანიშნავია, რომ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ , რომელი სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ახალ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსს აჩენს.