ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზოში საწვრთნელი აუზის მშენებლობა დაიწყო. აუზი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად იძლევა სავალდებულო პრაქტიკული წვრთნების გავლის საშუალებას.
აუზზე როგორც სტუდენტების, ასევე მოქმედი მეზღვაურებისთვის, შესაძლებელი იქნება პირველადი და კოლექტიური უსაფრთხოების, ზღვაზე გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციების კურსების გავლა.
მშენებლობა აჭარის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და ბიუჯეტი 1 496 319 ლარს შეადგენს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი აუზი შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეზღვაურებს გახდნენ უფრო მეტად მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.