ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დახმარებით, თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცათ.
აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.
ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, ასევე პერსონალს იმ სასტუმროებში, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით, საკარანტინო ზონებია შექმნილი.
პირბადეების გადაცემის პროცესი მომავალშიც გავრცელდება.