თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია.