გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უკვე გახსნილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილი 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება.
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.