გარდაბნის №1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის შენობებისა და ეზოს სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს: რემონტდება ფასადი და სახურავი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; ეწყობა კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთოების, წყალ-კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით: იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი; რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; რეკრეაციული და სპორტული სივრცეები.
სამუშაოები, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს და 2024 წლის ზაფხულში დასრულდება. შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან გარდაბნის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.