აჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.

პროექტის ხელშეკრულებას „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოგსენ ინსაათს” შორის 11 აპრილს ოფიციალურად მოეწერა ხელი.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოსაწყობად, ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას 18 თვის ვადა განესაზღვრა.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობების შეძენა განხორციელდება. გარდა ამისა, აშენდება ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზა.

მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.

პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Previous articleაჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.
Next articleმთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს დააფინანსებს