სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ ყველანი, პირველ რიგში მთავრობა, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური, თავდადება, გმირობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში” ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბინების გადაცემის ცერემონიაზე პირველი ბინა სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სიმბოლურად პრემიერმა გადასცა.

მახათას მთაზე უპრეცედენტო, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომლებშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ − შეღავათიანი პირობებით − შეძლეს.
საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

Previous articleმარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონი შენდება
Next articleლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი ბაღი აშენდა