უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობა მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.
უკვე დაწყებულია სამუშაოები ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მიმდინარეობს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალური და სათადარიგო (მესხი 2) სტადიონის პროექტირება და რეაბილიტაცია. ასევე, ბათუმში-2, ქობულეთში – 1, წყალტუბოში – 1 ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და თბილისში მდებარე დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონების რეაბილიტაცია.
დღეის მდგომარეობით, 9 სტადიონზე მიმდინარეობს მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტი. უკვე გამოცხადებულია თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონის რეაბილიტაციაზე ტენდერი.
სტადიონების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტში ჩართულია UEFA -ს წარმომადგენლობა.