სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თხილის შემნახველი ახალი საწარმო გაიხსნა
შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის შემნახველი საწარმოა, სადაც, ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, USAID-ის გრანტთან ერთად, 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5 მლნ ლარს აღემატება.