სახელმწიფო მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის გადამმუშავებელი და საშრობი ახალი საწარმო „მეგაგრო“ გაიხსნა
,,მეგაგრო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამმუშავებელი საწარმოა, სადაც, წლიურად, 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. 
საწარმოში, ჯამურად, 680,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი კომპანიამ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ დახმარებით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30,000 ლარი შეადგინა. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95,823,868 ლარი შეადგინა.