მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხელი დღეს მოეწერა.
პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები იქნებიან. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც მთიან რეგიონებსა და სოფლებში სწავლობენ. მათ შორის, არის ცალკე პროგრამა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად.
მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გამოყოფილი 90 მილიონი ევროდან, ძირითადი ნაწილი – 70 მილიონი ევრო – სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.