რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E 60-ის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი თანამედროვე სტანდარტის 4 ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას
გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება, ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იან მონაკვეთებად, საერთო ჯამში, რიკოთზე დაგეგმილია 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობა
რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი სურამში, შროშასა და ზესტაფონში, მაგისტრალის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის საკუთარი ნაწარმის რეალიზაციისთვის სპეციალური სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს
სრულად რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება