სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სამხედრო მრეწველობის განვითარება გრძელდება პოსტი: მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინის შექმნა, აწყობა და სერიული წარმოება განეკუთვნება.

• საქართველოს თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა. ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა;

• 2022 წლიდან დელტაში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება დაიწყო. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ჩარხ-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში მიმდინარეობს;

• „დელტას“ მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა. ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელი სპეციალისტის მიერ განხორციელდა რადარის ნაწილობრივი განახლება;

• აღნიშნულ პერიოდში „დელტა ტექსტილის“ მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და ეკიპირება შეიკერა. ასევე „დელტას“ საწარმოებში მიმდინარეობს ჯავშანჟილეტების, ჯავშანჩაფხუტებისა და სასწავლო ხელყუმბარების დამზადება, რომლებიც პერიოდულად გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს;

• აღსანიშნავია, ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა. აღნიშნული ჯავშანტექნიკა უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სამომავლოდ კი, მანქანის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

Previous articleსამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება
Next articleგრძელდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა