მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით და პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ყველა პაციენტი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატს უფასოდ მიიღებს.
ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.
მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.
მედიკამენტის გაცემის პროცედურა მარტივია – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ მიიღებს.