სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, გორში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების გათბობის ხარჯებზე. მოეწყო ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები.
გორის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 14.4 მილიონი ლარია. პროექტი ზაფხულში დასრულდება.
ზაფხულში დასრულდება გორში “ახალბაღის” პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 9,1 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი მოიცავს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ფანჩატურების რეაბილიტაციას და ახლების შექმნას, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ტბისა და სპორტული ზონის მოწყობა.
გარდა ამისა, გორში დასრულდა ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტი მსოფლიო ბანკმა 2,1 მილიონი ლარით დააფინანსა და ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, დრენაჟების, განათების და საგზაო ნიშნების მოწყობას.