ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

„მიწა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი სიმდიდრეა; თუმცა დღემდე ეს პოტენციალი, ეს სიმდიდრე ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. ამას განაპირობებს ისიც, რომ მკაფიოდ და ცხადად არ არის დადგენილი, თუ რომელი მიწის ნაკვეთებია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ჩვენი ქვეყნის მიწების, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება მრავალი ათასი ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულად არ არის რეალიზებული. 1 200 000 ჰა მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენჯერმე ჩატარდა მიწის რეფორმა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში – არსებითი დარღვევებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ეს მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4000-ზე მეტ დასახლებას.

პრემიერის თქმით, 3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები; ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა და პროექტს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით განახორციელებს.

„ეს პროექტი, ჩვენი გადაწყვეტილებით, დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროექტის ღირებულება 120 მილიონი ლარია. აქედან 15 მილიონი ლარი არის მსოფლიო ბანკის კონტრიბუცია და ამისთვის მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 800-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქე. პროექტი განავითარებს ამზომველის პროფესიას და ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული 465 ამზომველი. მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი – რუკა; შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები; განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, საქართველოს პარლამენტს, უცხოელ პარტნიორებს, იუსტიციის სამინისტროს და მინისტრ რატი ბრეგაძეს და უწყების თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში.
პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

პრემიერ-მინისტრი მიწის ამზომველებს გაესაუბრა და ადგილზე გამოფენილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით სამუშაოებს სააგენტო საფასურის გადახდის გარეშე, სისტემურად, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით ასრულებს. უსასყიდლოდ სრულდება აგრეთვე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Previous articleბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები სრულდება
Next articleთელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ რეაბილიტირდა