კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირება დასრულდა და მისი რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სოფელ მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, რის შემდეგაც ის თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის დეკემბერში შედგა მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რისთვისაც სამინისტრომ 133 331 ლარი გაიღო. პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 248 365 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის (I ეტაპი) ფარგლებში ჩატარდება დაშლითი და გაწმენდითი სამუშაოები (სახურავი, გადახურვის კონსტრუქციები, იატაკი, ტიხრები, გვიანდელი მიშენებული შენობა, ეზოში არსებული საპირფარეშო და სხვა), ასევე, შენობა-ნაგებობების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სცენის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ფლიგელის მიშენების სამუშაოები, იატაკების შიდა სამუშაოები, მზიდი კედლების გამაგრება გულანებისა და სარტყლის მოწყობით, შენობა-ნაგებობების სახურავის მოწყობისა და სარემონტო სამუშაოები, შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის და საინჟინრო-კომუნალური შიდა ქსელების მოწყობა, შენობა-ნაგებობების შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.