საქართველოს თავდაცვის ძალებში უახლოეს პერიოდში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟება დაიწყება. თავდაცვის უწყებამ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან გრანტი მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მოწყობას მოხმარდება. თავდაცვის მინისტრმა საგრანტო განაცხადის დამტკიცების შესახებ ოფიციალური წერილი სააქციო საზოგადოებისგან „ვიასოლის ენერგია“ მიიღო. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგრანტო პროექტი კარბონის დიოქსიდის ემისიის შემცირების მიზნით, ვაზიანში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას ითვალისწინებს. პროექტის დაფინანსება კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
საგრანტო თანხა 417 384 ევროს შეადგენს, რომელიც ვაზიანში 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის დამონტაჟებას მოხმარდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 673 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს, დარჩენილ თანხას კი, სააქციო საზოგადოება „ვიასოლის ენერგია“ გაიღებს. პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს.
თავდაცვის უწყება აქტიურად გეგმავს ელექტროენერგიის მიღების ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული წყაროების გამოყენებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ხარჯების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ყველა დიდ ბრიგადაში იგეგმება.
Previous articleოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleთურქეთმა თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა