პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე პირველი შედეგები უკვე სახეზეა.
პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება, რაც დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, იცვლება შენობების კარ-ფანჯრები, მიმდინარეობს საინჟინრო და საკომუნიკაციო სისიტემების გამართვა, სკვერებისა და პარკების რეკონსტრუქცია, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეების, ტროტუარების, განათების მოწყობა და სხვა.
კახეთის რეგიონში დასასრულს უახლოვდება თელავის შემოსასვლელში თბილისის გზატკეცილსა და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია; ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განახლების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს; გურჯაანში რეაბილიტაცია უტარდება ნონეშვილის ქუჩასა და დასასვენებელ პარკებს; დედოფლისწყაროში ცენტრალური ნაწილის, ხოლო ყვარელში ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება სრულდება ლაგოდეხში ზაქათალის ქუჩისა და ე.წ. „პოლკოვის ბაღის“, საგარეჯოში დავით აღმაშენებლის ქუჩის, ხოლო სიღნაღი სხვადასხვა ქუჩაზე სეგმენტური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და მუნიციპალიტეტის მერები გაეცნენ.
4-წლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
სამშენებლო სამუშაოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.