ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას.
მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისათვის, კომპლექსში განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი, პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო.
სპორტკომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მოეწყობა პარკინგი.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის 11.3 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში – ქუთაისში, ახალციხესა და რუსთავში – დაიწყო თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა.