რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 7 მილიონი ლარით ფინანსდება.
ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის 1 სკოლა 1350 ბავშვზეა გათვლილი, ხოლო 12 სკოლა – 140 ბავშვზე. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პრიგრამის ფარგლებში 77 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.