ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სატუმბი სადგურის რეაბილიტაციით 30-წლიანი პრობლემა გადაწყდა და ის ტერიტორიები, რომელთა მორწყვაც ათეულობით წელი რთული იყო, დღეს უკვე წყლით უზრუნველყოფილია.
რუისის სატუმბ სადგურს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, აღდგა სადაწნეო მილსადენი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები, რაც ტაშისკარისა და ზედა რუს მაგისტრალურ არხებში წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფლების რუისისა და ურბნისის 1 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება და 2000-ზე მეტი ბენეფიციარის სარწყავი წყლით დაკმაყოფილება მოხდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ” გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395 ლარი დაიხარჯა.