ჩხოროწყუში საქართველოს მასშტაბით 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200-მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.
ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა.
საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციონერთა ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
ჩხოროწყუს მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები სამეგრელოს რეგიონში ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და ხობში ფუნქციონირებს.