საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები ხორციელდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, კმ19-კმ56 და კმ57-კმ132 მონაკვეთებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის ქსელზე დაახლოებით 80 000 გრძივი/მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელების კონსტრუქცია ეწყობა.
პარალელურ რეჟიმში, გორი-თბილისის მონაკვეთზე მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 6 მლნ. ლარამდეა და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 19 მლნ. ლარამდეა და მისი დასრულება დაგეგმილია 2022 წლის დეკემბრის თვეში.
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება ნატოს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია.
პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა.
მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება.
ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება
პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ა.შ.
პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მისი დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ტაბახმელაში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო, ამოცნობის, მოსასვენებელი და სასადილო ოთახები, აგრეთვე, სპორტული დარბაზი. ოპერატიული, საგამოძიებო, საუბნო მიმართულებით მომუშავე და დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო სივრცეები.
ტაბახმელის პოლიციის სამმართველოში იმუშავებს კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი, რომლებიც ადმინისტრაციულად თბილისს შემოერთებული დასახლებების – წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება.
3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, დანარჩენ 2 გვირაბზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება დარჩენილი ხიდების სამშენებლო სამუშაოები.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
გურიის რეგიონში 35 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, სატუმბო სადგურისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობას.
გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, 35 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში, რეგიონის უწყვეტ წყალმომარაგებას 125 მლნ. ლარამდე მოხმარდება.
მედიკამენტები კიდევ 40%-ით გაიაფდება
2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
ქ. მარნეულის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და ახალი წყლის რეზერვუარები. პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.
სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად, 15 თვის განმავლობაში დასრულდება. შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 22 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ამასთანავე, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.