Home Blog გვერდი 170

დაღუპული პოლიციელების ოჯახები დღეიდან, 100 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ

0

„პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები 100 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, დღეიდან ძალაში შევიდა.

კერძოდ, კანონის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კონკრეტულად, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობსი შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს(მემკვიდრეს) ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარი გადაეცემა. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

ასევე ძალაში შევიდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1991 წლიდან) სამსახურეობრივი მოვალეობათა შესრულების დროს გმირულად დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს ყოველთვიურად 1 000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდება. იმ შემთხვევაში თუ, 1 ოჯახიდან ორი ან მეტი პოლიციელი დაიღუპება, ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ–ცალკე მიიღებენ.

ამავე ოჯახის წევრებს, ამ კომპენსაციის პარალელურად შეუძლიათ მიიღონ ასევე სოციალური პენსია.

ამასთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპული პოლიციელის ოჯახებს სახელწმიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ.

გარდა ამისა, 2015 წლის 1 მაისამდე ზედმეტად ( არასწორად) დარიცხული თანხების ვალდებულებისგან 45 პირი გათვისუფლდება და ლეალიზაციას დაახლოებით 432 450 ლარი დაექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.
ახლადშექმნილი ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ძირითადი კომპონენტია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასულ წლებში განხორციელებული რეფორმა ძირითადად შეეხო საპატრულო პოლიციის მხოლოდ „ფრონტ-ოფისს“, „ბექ-ოფისში“ კი – ადმინისტრაციული საქმისწარმოება კვლავ ძველი სისტემით, ქაღალდზე მიმდინარეობდა.

ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოხდება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, სულ, 50-მდე საპოლიციო სერვისი. ცენტრში, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს.

ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით.

ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო.

საქართველო-შვეიცარიას და საქართველო-ლიხტენშტეინს შორის 1 მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

0

2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდება.

ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის წევრი სხვა ორი ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინი შეემატება.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე.