2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდება.
ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის წევრი სხვა ორი ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინი შეემატება.
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე.