ქალაქ მარნეულში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი აშენდა.
პანდემიის პირობებში არ შეჩერებულა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
2020 წელს პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა/რეაბილიტაცია დასრულდა ქუთაისში, შუახევში, მარნეულში, ჩოხატაურში, კასპსა და თელავში.
ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარეობს სამუშაოები ხაშურში, ბორჯომში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ბათუმში, ქობულეთში, ლანჩხუთში, ამბროლაურში, წალენჯიხაში, ახალქალაქსა და ახალციხეში.
2020 წელს დაიწყო 8 პროფესიული სასწავლებლის 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობა.
მარნეულში კოლეჯის მშენებლობის პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
ქვემო ქართლში აქამდე მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებდა, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. ახლა უკვე მარნეულშიც იფუნქციონირებს კოლეჯის ახალი ფილიალი.
სასწავლებლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. მოეწყო კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.
კოლეჯი, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და მზარდი.
2020 წლიდან 30%-ით გაიზარდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება ყველა იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო.
ჩამოყალიბდა და მომავალ წელს ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელი.
პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები. დაინერგა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.
დაიწყო პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესი.
პანდემიის პირობებში თითოეულმა პროფესიულმა დაწესებულებამ, სასწავლო პროცესის აღდგენის უფლების მოპოვების მიზნით, გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება.