ჯანდაცვის სამინისტრო 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს.
წინა პერიოდში მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში 17 000-დან 19 000 ლარამდე გადახდა უწევდათ. აღნიშნული პროექტით კი მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ჯიბიდან გადასახდელი თანხა. მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტის შესაბამისად.
აშშ-ის ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები ბევრ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასებით სარგებლობს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა და განხორციელება 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.