85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა. ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა.
ახალგახსნილი ცენტრი ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების – ასპარის, განძის, გორელოვკის, დიდი და პატარა კონდურის, დილიფის, დიდი და პატარა ხანჩლის, ეფრემოვკის, ვლადიმიროვკის, თორიას, კათნატუს, მამზარის, ორლოვკის, ოროჯალარის, პატარა არაგიალის, პატარა ხორენიის, ჟდანოვაკანის, როდიონოვკის, სათხის, სამების, საღამოს, სპასოვკის, ტამბოვკის, უჩმანის, ღაურმის, ღულალისის, ჯიგრაშენის, ჰეშტიის – 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ნინოწმინდაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება.
მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, მიიღებს საკადასტრო გეგმას და სხვ.
ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.
ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.