ქალაქ დედოფლისწყაროში რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა.
საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვათა – 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა დედოფლისწყაროში შირაქის ქუჩაზე სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი, პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.
ასევე, ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.
საზოგადოებრივ ცენტრში შესაძლებელია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღება, მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.