გლდანის რაიონში, მე-6 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, 5000 კვადრატული მეტრზე, გზის დაგების, კონკრეტულად კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 15 000 კვ. მ. ასფალტის ქვედა ფენა.
გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. ამასთანავე, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
გლდანის რაიონში, ორ ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.