ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.
წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ზუგდიდში პირველად აშენდა.
ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.
სამუშაოების 95% შესრულებულია ზუგდიდის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, მასშტაბური პროექტის დასრულება 2020 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ქალაქის წყალარინების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია აგვისტოს დასაწყისში დასრულდა.
პროექტებს, რომელთა ღირებულება 125 მილიონ ლარზე მეტია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების 8 პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით 357 მილიონამდე ლარი.