პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხსაც ეხება.
ცვლილებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლების რაოდენობა 2028 წლის შემდეგაც გაიზრდება.
კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებში პატრიამ ცესკო-ს ისეთი პარტიული სია უნდა წარუდგინოს, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;
2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს (გამოკლებულ წევრს იმავე სქესის კანდიდატი ჩაანაცვლებს).