250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.
ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.