ქალაქ ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება.

სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და ლიტვური კომპანია შპს “Via Solis”-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

„მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო (დღგ-ს გარეშე). პროექტის 20% თანადამფინანსებელია სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”. მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, სრულ თანხვედრაშია არსებულ პროექტთან. მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები”, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Previous articleფონდი „ქართუს” დაფინანსებით მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება
Next articleევროკავშირის ელჩი: სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ პანდემიასთან გამკლავება უკეთესად შეძლო