ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. უახლოეს პერიოდში ახალ ქსელზე ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება.
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.